იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მმართველი გუნდიდან ექვსი დეპუტატის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ შეიძლება, სუბიექტური მიდგომით მიიღოს პარლამენტარმა გადაწყვეტილება, რომელ გუნდში იქნება. მისი შეფასებით, გახარიასთან წასულმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მთავარი პრინციპების ერთგულება ვერ შეძლეს:
"პოლიტიკაში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე ძირითად პრინციპს, ეს არის სიმტკიცე პოლიტიკური, გუნდის ერთგულება, სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხებისადმი. აქედან გამომდინარე, აქ არ უნდა იყოს ადგილი პირადი ინტერესებისთვის და სუბიექტური მიდგომით არ შეიძლება იღებდე გადაწყვეტილებას, რომელ გუნდში იქნები. ზოგს შეუძლია ამ პრინციპების ერთგულება, ზოგმა პოლიტიკაში შეიძლება ეს, ვერ შეეძლოს. ეს არის მათი არჩევანი. აქედან გამომდინარე, მე იმ განცხადებებს, რაც გაჟღერდა არ ვიზიარებ, თუმცა დაველოდოთ ვინ რა პლატფორმას შექმნის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ოცნების დეპუტატებმა მმართველი გუნდი დატოვეს და გახარიას შეუერთდნენ, რომელიც ახალ პარტიას მალე წარუდგენს საზოგადოებას.
ოცნებიდან წასული დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი არიან.
მასალის გამოყენების პირობები






