მმართველი პარტიიდან გახარიასთან წასულ დეპუტატებს საპარლამენტო პოსტების დატოვება მოუწევთ, რადგან ისინი ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში ადგილებს ავტომატურად კარგავენ.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციიდან გამოსვლის გამო, დეპუტატებს კომიტეტის წევრობა უწყდებათ, კომიტეტის წევრები კი ფრაქციის კვოტით გახდნენ. ამ შემთხვევაში გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც პარლამენტის რეგიონულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ალექსანდრე მოწერელია, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა და ბექა ლილუაშვილი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეა, საპარლამენტო პოსტებს დაკარგავენ.
იმ შემთხვევაში, თუ მათ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდება და პარლამენტში გახარიას თანამოაზრე გახდება, ისინი ფრაქციის შექმნას შეძლებენ.
შეგახსენებთ, დღეს ოცნების დეპუტატებმა მმართველი გუნდი დატოვეს და გახარიას შეუერთდნენ, რომელიც ახალ პარტიას მალე წარუდგენს საზოგადოებას.
ოცნებიდან წასული დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი არიან.
მასალის გამოყენების პირობები






