პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოცნებიდან გახარიას გუნდში წასულ ყოფილ თანაპარტიელებს უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სირცხვილია, როდესაც გუნდის პასუხისმგებლობაზე უთითებ და თავად ტოვებ ამ გუნდს. მისი შეფასებით, ამ ქმედებით გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა:
„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გამოავლინა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო“,- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს მმართველი პარტია ოცნების დეპუტატებმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა დატოვეს. ისინი გახარიას გუნდს შეუერთდნენ, რომელიც ახალ პარტიას ქმნის.
მასალის გამოყენების პირობები






