ირაკლი ჯინჭარაძის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის საკითხს აქტვისტები ივანიშვილის პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებენ. როგორც ოპოზიციონერმა გენრი დოლიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მიერ იყო მიღებული, რადგან ჯინჭარაძემ მათი ქმედებები გააკრიტიკა. დოლიძე არ გამორიცხავს, რომ კრიტიკულად განწყობილი თანამდებობის პირის პოსტიდან გაშვება უკანასკნელი არ იქნება:
"ველოდებოდით ამ ფაქტს, ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმ რეპრესიული რეჟიმის რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი როგორც დაუნდობელია მოწინააღმდეგეების მიმართ, ორი იმდენად დაუნდობელია ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. შესაბამისად არ გამიკვირდება კიდევ რომ გაგრძელდეს გათავისუფლებების სერია იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც გამოირჩევიან ოპოზიციური, განსხვავებული, სამართლიანი მიდგომებით საქმისადმი," - განაცხადა გენრი დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მან ამის შესახებ ტელევიზიის საშუალებით გაიგო. გათავისუფლებამდე მან ქალაქის ხელმძღვანელობა „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო გააკრიტიკა. ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






