ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. ისინი პროცესის დაასრულებას ელოდებიან. უდუმაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს პროცესი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას მოსამართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მან ასევე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადყოფნა ორმხრივი უნდა იყოს, ამისთვის კი აუცილებელი წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა:
„დატოვებენ ნიკა მელიას თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, ორივე შემთხვევაში ეს იქნება სიგნალი არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის შესახებ, აპირებს თუ არა ხელისუფლება ჩვენთან ერთად რეალურად დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, გადავდგათ ნაბიჯები და დავძლიოთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც შეეხება მორიგ რაუნდს, მისი გამართვის გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული მედიატორებზე, დასავლელ პარტნიორებზე და რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენადაა ის მზად იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. როცა მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფები, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც და მეორე მხარესაც მოუწევს კომპრომისი, მაგრამ ეს უნდა იყოს ორივე მხრიდან, მზადყოფნა უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს ცალხმრივი. ამიტომ ბუნებრივია, თუ მოლაპარაკებები სრულფასოვნად წარიმართება და „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რომ მოლაპარაკებებში დაძლიოს ძალაუფლების წყურვილი, რომელიც გააჩნია და რეალურად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, ბუნებრივია კომპრომისები შეიძლება იყოს ორივე მხრიდან და ამას გვიჩვენებს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






