მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი.
მასალის გამოყენების პირობები






