სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით იკრიბებიან - ისინი ამ ფორმით კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას.
"ენმ"-ს ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის, განცახადებით პოლიტიკური პარტიები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
"დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და ქედი მოვიხადოთ იმ პირების მიმართ, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. აქ, ჩვენ, სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერები ისედაც ვიკრიბებით ყოველდღიურად, იმისთვის, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვეებია კარვებში არიან და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ მიმდინარე რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს, განსაკუთრებით ბევრი ხალხი იქნება, რადგანაც 9 აპრილის დღეა",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






