მელიას საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა მისი თვითმიზანია, ადვოკატები კი ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს დაყოვნდეს ის საპატიმროში. გულუაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რაც მელიას ბრალეუობას ამტკიცებს:
"ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს საჯაროდ გაკეთებული იქნა შეთავაზება დაცვის მხარისათვის, ჩვენ შევთავაზეთ მას ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, თუ დაცვის მხარის ამის სურვილი ჰქონდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვად ვაცხადებთ და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. [...] პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. თუმცა დაცვის მხარე რეალურად ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი, რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანი არის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა, ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი", - განაცხადა გულუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






