ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, 34 ფეისბუქ და 11 ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. კომპანიის ცნობით, მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მარშის წევრებთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.
DFRLab-ის ინფორმაციით, ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული, ისინი პოზიციონირებდნენ, როგორც გასართობი და სავაჭრო პლატფორმები. ქსელში შედიოდა: 24 Facebook გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი.
ფეისბუქის სპიკერის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობის და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.
"ამ საქმიანობის უკან მყოფი ადამიანები დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად.
ასევე, ამ ქსელს მრავალი გაფრხილება ჰქონდა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დარღვევის გამო.
პირველ რიგში, მათ ყურადღება გაამახვილეს ქართული მარშის შინაარსზე, მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაზე საქართველოში. ამ ქსელზე თავსდებოდა ახალი და მიმდინარე მოვლენები ქართულად, მათ შორის არჩევნების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, Covid-19 პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კრიტიკის შესახებ. ეს ქსელი მუშაობის დაწყების პროცესში იყო, როცა ის წავშალეთ.
ეს ქსელი ჩვენ ატლანტიკურ საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ მათი საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის განხილვის შედეგად მოვიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ქართულ მარშთან და პარტიას ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირდებოდნენ", — ვკითხულობთ ფეისბუქის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






