საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და საქართველოში დესტრუქციულ ქმედებებს აწყობს. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტი მათ სადეპუტატო მანდატებს არ გაუუქმებს:
„ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მეგობარი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ დარჩა, რომელიც ოპოზიციას არ მოუწოდებს, რომ ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი დააფასოს, შებრძანდნენ პარლამენტში და იქ იმუშაონ საქართველოს მომავლისთვის, იქვე ამბობენ, რომ ხალხის მიერ ოპოზიციისთვის მიკუთვნებული ადგილები რომ ცარიელია, ეს რუსეთის ინტერესებშია. აქედან ნათლად ჩანს, ვისი პოლიტიკის ინტერესშია ის ქმედებები, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებენ. ერთია თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ინტერესი, მეორეა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესი. ექვსი თვეა ჯიუტად ასრულებენ იმას, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესში შედის, მიჰყვებიან დესტაბილიზაციის გეგმას ნებსით თუ უნებლიედ. ექვსი თვეა, ქართველი ამომრჩეველი და მთელი დასავლეთი მოთმინებით მოუწოდებთ მათ, რომ გონს მოეგონ და მუშაობა გააგრძელონ საქართველოსთვის. ჩვენ ამ მოთმინებით გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






