აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელია, ხელისუფლება იქცეოდეს ისე, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი ქვეყანა. მისი თქმით, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი:
"იმისთვის, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე.
როგორც ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი" - განაცხადა კენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






