ენმ-ს წევრის თიკა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია ერთობლივად უნდა გავიდეს რეგიონებში, უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა, რათა 15 მაისის აქცია ფართომასშტაბიანი იყოს. მისი თქმით, საჭიროა ივანიშვილმა გაიგოს იმ ხალხის ხმა, ვინც დაიღალა ამ რეჟიმის პირობებშ ცხოვრებით:
„ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი სამუშაოები იმისთვის, რომ დავსახოთ, რა მიმართულებით უნდა მოხდეს გასვლა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყოს სინერგიული, ერთობლივი ძალისხმევა, ანუ ოპოზიცია ერთობლივად უნდა გავიდეს რეგონებში. ეს საკითხი შევათანხმეთ იმისთვის, რომ 15 მაისის აქცია იყოს მასშტაბური, რათა მთელი ქვეყანა გაერთიანდეს, მათ შორის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და ივანიშვილს გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა, ვინც დაიღალა ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრებით და უნდა ნორმალური კოლიციური მთავრობა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ვადამდელი არჩევნების სახით მივიღებთ.
დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად შეიძლება გადავიდნენ კონკრეტულ ქმედებებზე, ეს უკვე ნახსენები იყო ევროკავშირის განცხადებაში, სადაც საუბარი იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს შეუჩერდეს იმ ფინანსური მაკროეკონომიკური დახმარების მიღება, რასაც ევროპის კავშირისგან იღებს. იგივე საუბრებია დაწყებული ამერიკის კონგრესშიც. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს სანქციების სამიზნე და ნაცვლად ამისა, სანქციები დაეკისროს პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






