"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც გაკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიცის ბრალი ვერ იქნება, რადგან ძალაუფლების დანაწილებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლოს მიკერძოებულებაზე, არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას აკისრია, ევროპარლამენტის გზავნილი კი მოსახლეობისთვის იყო, რათა საზოგადოებას გაეგო, თუ რამდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ხელისუფლებამ. ჯაფარიძის განმარტებით, რომ არა ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი, საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებას არ მოგვაქცევდნენ:
"მე ვერ ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი. ვიღაცას შეიძლება რაღაცები დააბრალო, მაგრამ ის, რაც წერია შარლ მიშელის პუნქტებში - ის რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და არის პოლიტიზირებული, ის რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები. ის, რომ არჩევნები არ ტარდება წესიერად, ის რომ ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული და დასანაწილებელია ეს ძალაუფლება, ეს ჩემი ბრალი რანაირად შეიძლება იყოს? მე-9 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს არის გზავნილი მოსახლეობისადმი, რომ მათ გაიაზრონ რა მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა იმან, ვინც არის ხელისუფლებაში. რომ არა ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ქვეყანაშია, არავინ ყურადღებას არ მოგვაქცევდა. აქ ხალხმა უნდა გაპროტესტოს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია უნდა იყოს სიმართლე, არა დიპლომატიური ენა, არამედ კონკრეტულად უნდა უთხრან "ოცნებას" - სასამართლო უნდა იყოს ასე, ჩვენთან ასეა; არჩევნები უნდა ტარდებოდეს ასე, ჩვენთან - ასეა; ასეთი მასშტაბის კრიზისი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იქნებოდა დიდი ხნის წინ ხელახალი არჩევნებით დასრულებული. ეს არის მათი მხრიდანაც სათქმელი", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






