არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა მკაცრად უნდა დაისაჯოს და ამისთვის საჭიროა ყველა გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამართალდამცავთა მიერ არასათანადო მოპყრობის დანაშაულთა გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით ხაზი უნდა გაესვას თანამშრომლობის ხარისხს. ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში ხარვეზები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ინსპექტორის სამსახურმა ათეულობით საქმეზე მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხოლო ორ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამონაკლისო წესით, მისცა გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებამდე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის დანაშაულების გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას ერთადერთი ორგანო საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა.
"2019 წლის პირველ ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებს კვლავ საქართველოს პროკურატურა იძიებს. სამწუხაროდ, პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიება არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს, უწყება არც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას მის წარმოებაში არსებულ მნიშვნელოვან საქმეებზე“- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






