მსოფლიო, მეორე წელია ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის. დაუზოგავი მუშაობის შედეგად კი ერთ წელზე ნაკლებ დროში რამდენიმე ვაქცინა შეიქმნა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის მიწურულს დაიწყო.
საქართველო მსოფლიო პანდემიის პირველი წლის მიწურულს ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდა, რასაც საკმაო რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. ვაქცინაციის შეძენა-მიღების პროცესი, რასაც მოსახლეობა დიდი იმედით შეჰყურებდა, მთავრობამ ჩააგდო. შესაბამისად პროცესი გაიწელა და ეს მხომოდ მიმდუნარე წლის მარტიდან გახდა შესაძლებელი. თუმცა საქართველომ მიიღო „ასტრაზენეკა“, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უნდობლობა გაჩნდა. ამის გამო, საქართველოში ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 9 ათასი ადამიანი აიცრა მაშინ, როცა პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%–ზე მეტი იყოს აცრილი.
არსებულ სიტუაციაზე „ნიუპოსტს“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას არ ესაუბრება და მოსახლეობაში გაჩენილ კითხვებს პასუხს არ სცემს. შედეგად კი უნდობლობას იმსახურებს - ამბობს "ნიუპოსტთან" განათლების ყოფილი მინისტრი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი.
„დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საქართველოში აიცრა უხეშად რომ დავთვალოთ, 9 000 ადამიანი. ეს ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ვაქცინის რაოდენობა, რომელიც ჩამოვიტანეთ.
აბსოლუტურად სამართლიანი კრიტიკა იყო იმაზე, რომ მთავრობამ ვაქცინის დროზე ჩამოსატანად, არაფერი გააკეთა. ვნახეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინების შეძენის კუთხით, სამუშაოები ჩააგდო. თუმცა, იმ მინიმუმის ათვისებაც ვერ ხერხდება, რაც ჩამოიტანეს.
ბუნებრივია, ყველა ადამიანს, ვისაც ფიქრი შეუძლია, ლოგიკური კითხვები ებადება და ეს კითხვები ყოველთვის ძალიან აღიზიანებთ, როგორც მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჩვენს ეპიდემიოლოგებსაც.
სწორედ ეს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში ხელფასს იღებს, ვალდებულია არსებულ კითხვებზე პასუხი გასცეს. ეს კითხვები კი არის მარტივი – როდესაც შენ ჩააგდე ვაქცინის ჩამოტანა და იმ მინიმუმის ათვისებასაც ვერ ახერხებ, რაც ჩამოვიდა ნიშნავს შემდეგს: პირველი – ხალხს არ უნდა აცრის გაკეთება და მეორე – შენ არ გაქვს რესურსი, სისტემა შექმნილი იმისთვის, რომ ეს აცრები გააკეთო.
ამ ფონზე ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ებადება მთავრობის მიმართ კითხვა – რას აკეთებდით ერთი წელი?
მეორე კითხვა არის ძალიან მარტივი – ყველა კვლევა აჩვენებს და თვითონაც აღიარებენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 50%–ს ვაქცინაციის სურვილი არ აქვს. ამ ციფრებს თავად სახელმწიფო ასახელებს, თუმცა არ ხსნის რატომ. შეკიტხვებს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, არავინ პასუხობს. საზოგადოებას ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი სიახლის მიმართ, ამ საკითხისადმი აქვს შეკითხვები და გარკვეული უნდობლობა" - ამბობს შაშკინი და ამ ვითარებაში, დაუშვებლად მიიჩნევს მოსახლეობასთან ულტიმატუმის ენით საუბარს
"ულტიმატუმის ფორმით ელაპარაკება მოსახლეობას მთავრობაც და ეპიდემიოლოგებიც. „მე ვარ უფროსი და შენ სულელი“ – ასე ურთიერთობდა საბჭოთა ხელისუფლება ხალხთან. სწორედ ეს იყო საბჭოური მენეჯმენტის მთავარი კლიშე და ახლაც ასე გვეუბნებიან, რომ „ჩვენ ყველაფერი ვიცით და თქვენ არაფერი იცით“. ჩვენ გვინდა, რომ კითხვებზე მივიღოთ პასუხები.
რატომ ჩააგდეთ ვაქცინების შეძენის პროცესი? – ერთი წელი რას აკეთებდით იმისთვის, რომ ჩამოტანილი მინიმალური ოდენობის ათვისება მაინც შეძლოთ. 9 ათასი თუ აიცრა ერთ თვეში, ნიშნავს, რომ 100 ათასზე ნაკლები ადამიანი იქნება წლის ბოლოს აცრილი. თავად ეპიდემიოლოგებიც ამბობენ, რომ 60%–ზე მეტი უნდა იყოს აცრილი იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ. ციფრები მათემატიკაა და მას ვერ გაექცევი. რას აკეთებს სახელმწიფო ამ სიტუაციის გამოსასწორებლად“, – განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
შაშკინმა ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მეთოდი დაასახელა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა მიმართოს იმისათვის, რომ მოსახლეობას გაუქარწყლდეს ვაქცინაციის შიში და გაჩნდეს მოტივაცია.
„ადამიანის საქციელს ახასიათებს მოტივაციის ორი სისტემა. პირველი, ეს არის ქვეცნობიერი ანუ ემოცია. თუმცა, კორონავირუსის მიმართ შიშის ემოციას ეჯახება ვაქცინის მიმართ შიშის ემოცია, ამიტომ, საზოგადოების ნახევარი აცრაზე უარს ამბობს. სახელმწიფო კი ამ კუთხით არაფერს აკეთებს, რომ ეს შიში გააქარწყლოს. პირველ რიგში უნდა უპასუხოს შეკითხვებს. ისინი მხოლოდ გვიმეორებენ ჯიუტად – „მე უფროსი ვარ და შენ სულელი“.
მოტივაციის მეორე სისტემა არის დაინტერესების ანუ ბონუსის სისტემა – ადამიანს უნდა ჰქონდეს ინტერესი, როდესაც ვაქცინის შიში ეჯახება კორონავირუსის შიშს, ხომ შეგიძლია გააკეთო დაინტერესების სისტემა? მაგალითისთვის კორონა–პასპორტები, როდესაც აიცრები, გექნება შესაძლებლობა კომენდანტის საათისას გასვლის და მსგავსი საკითხები.
ამ დაინტერესების პროგრამის ნაცვლად, კვლავ გვიმეორებენ, რომ უფროსები არიან და ჩვენ სულელები. დღეს გამოვიდა გამყრელიძე და კვლავ გაამართლა კომენდანტის საათი. თურმე ჩვენ უნდა გვქონდეს კომენდანტის საათი, რადგან ევროპაშიც შემოიღეს. საფრანგეთს მხოლოდ ორი–სამი კვირით შემოაქვს და ჩვენთან კომენდანტის საათი არის უკვე 5 თვე. საფრანგეთი კი ამას იმისთვის აკეთებს, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად განვითარდეს.
ნებისმიერი ზომა, რომელსაც მიმართავს სახელმწიფო, უნდა იყოს ახსნილი და ხალხისთვის გასაგები. ბუნებრივია, როდესაც ამას არ კეთებ, ეს იწვევს გაღიზიანებას და უნდობლობას. დასავლეთში წამყვანი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები იკეთებენ ვაქცინას იმისათვის, რომ თავის მაგალითზე აჩვენონ მოსახლეობას, რომ სანდოა ვაქცინა. ჩვენთან ტიკარაძის ან ღარიბაშვილის ნდობა ვის აქვს? რა მნიშვნელო აქვს გაიკეთებენ თუ არა? ყველას ესმის, რომ არალეგიტიმური მთავრობაა.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას ყველანაირი კითხვა აღიზიანებს. სანამ არ შეწყვეტენ ამ პრინციპით ურთიერთობას, რომ „მე ვარ უფროსი შენ სულელი“ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ ექნებათ.
ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ, აბსოლუტურად გაუგებარია სად მივდივართ. ერთი წლის წინ ვნახეთ ხალხს სიცხეს რომ უზომავდნენ და ასფალტს რეცხავდნენ, გავიარეთ ეს სულელური ეტაპი და ახლიდან იწყებენ ამაზე ფულის ხარჯვას?“, – აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






