"ევროპარლამენტარების მხრიდან გარკვეული პირობითობა იყო გახმოვანებული დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკომისია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს არის საზოგადოების მოტყუება , რაც ძალიან ცუდია.
"რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, გამოწვევებს, ამაზეც ბუნებრივია, იყო მსჯელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები მთელი დღის განმავლობაში თემას იმგვარად წევენ, თითქოს, ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. პირდაპირ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ეს არის ტყუილი. როცა პირობით დათქმებს, რაზეც ჩვენი ძალიან პატივსაცემი კოლეგები ევროპარლამენტიდან საუბრობენ, სანქციებს დაარქმევ, ეს არის საზოგადოების მოტყუება და ეს არის ძალიან ცუდი, ამას არ უნდა აკეთებდნენ.
რადგან მათი მხრიდან ულტიმატუმი იყო პრიორიტეტულად დაყენებული, ამის შემდეგ მოლაპარაკება ფიზიკურად არ მივიდა იქამდე, რომ სხვა მცირე დეტალები განხილული ყოფილიყო. პრინციპული წინააღმდეგობა ჩვენებთან არ ყოფილა, ჩვენ ხელს ვაწერდით დოკუმენტს, 3-4 შენიშვნაზეა საუბარი, რასაც ოპოზიციაც კი ვერ გაექცეოდა და დაეთანხმებოდა, რამდენიმე დეტალია, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ტექნიკური ხასიათისაც იყოს. არათუ ხელმოწერასთან მივიდა საქმე, არამედ, არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან დაყენებული იყო პრიორიტეტულად ულტიმატუმები“, - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






