ოცნების დეპუტატი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია იმ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, რომლებმაც საქართველოს მისამართით მწვავე განცხადება გაავრცელა. ვოლსკის თქმით, ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რადგან ქვეყანაში შექმნილი კრისიზი სწორედ მათი ბრალია:
"რასაკვირველია, ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს. არამგონია, რომ 7 პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკების შედმეგ შვიდმა ევროპარლამენტარმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს ფინანსურ დახმარება აღარ გამოუყოს.
"პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






