ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, პოზინერის დელეგაციის გასაყრელად მთავრობამ არაფერი გააკეთა, მოქალაქეებმა მის ნაცვლად აიღეს ხელში სადავეები და ოკუპანტები გააძევეს ქვეყნიდან. ჩალაძის შეფასებით, ყველა ვინც რუსულ ოკუპაციას ამართლებს, პოზნერი და გავრილოვია:
„დღეს არსებობს ორი სახელი ან პოზნერი ან დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე. ყველა, ვინც რუსულ ოკუპაციას ამართლებს, არის პოზნერი და გავრილოვი, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას იცავს, ის არის საქართველოს ღირსეული მოქალაქე. თუ ბასა ფოცხიშვილი პოზნერის გვერდით იყო, მე არ მინახავს, ის არის ჩვეულებრივი პოზნერი. მესმის, მეგობრობა, პარტნიორობა, თუმცა, დღეს როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას არ აპროტესტებ, ხარ ოკუპანტი. რაც შეეხება ამათ წასვლას, ეს დისკომფორტი არ არის ჩვენი მხრიდან, ეს არის ჩვენი მოვალეობა, პანღური, რომელიც უნდა ამოვარტყათ და პანღურით უნდა გავისტუმროთ საქართველოდან. ზუსტად 11 სააათის წინ დაიწყეს სიმბოლურად თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და ზუსტად 11 საათში საქართველოს მოქალაქეებმა გასცეს პასუხი. აი ასე, საქართველოდან ჩვენი ქვეყნის ყველა ოკუპანტი, ჩვენი ქვეყნის მტერი იქნება გაპანღურებული. ჩვენმა მთავრობამ ამათ გასაყრელად არაფერი გააკეთა, სამაგიეროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა აიღეს ხელში სადავეები და ასე გააპანღურეს ქვეყნიდან ოკუპანტები“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 50 კაციანი დელეგაციით გუშინ ჩამოვიდა. ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა და პოზნერი თავისი სტუმრებით იძულებული გახდა, დროზე ადრე დაეტოვებინა საქართველო. ის დღეს დილით გაფრინდა.
მასალის გამოყენების პირობები






