მოსამართლემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დასკვნა არ დაურთო.
.ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
"რეალურად ვიყავი მოსული იმიტომ, რომ მეშუამდგომლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნის დართვის შესახებ. სამწუხაროდ ამაზე უარი მივიღე. კიდევ არის ორი დასკვნა ამ საქმეში. ასევე ორივე არაჩვეულებრივი - ადამიანის უფლებათა ცენტრის და რაც მთავარია, სახალხო დამცველის, რომელიც ახლა მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურორის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასება დარღვევით იყო წარმოდგენილი.
"მხარემ წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასება ნიკა გვარამიას და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გარკვეული პროცესუალური დარღვევით იქნა წარმოდგენილი და შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შესაბამისად, ეს მოსაზრება არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს," - აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა.საუბარია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები






