"ეს არის მწვანე შუქი ქართული "ოცნებისთვის", რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით" , - ასე ეხმაურება მოძრაობა "სირცხვილია" მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას , რომლის მიხედვითაც, კრისტიან დანიელსონმა მხარეებს 20 ივნისის საქმის მონაწილეების, როგორც აქტივისტების, ისე სამართალდამცავების ამნისტიის ინიციატივით მიმართა და ამის შესახებ საუბარი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტში იყო.
"ნიუპოსტი" "სირცხვილიას" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მედიით ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდში წარმოდგენილი შეთანხმების პუნქტებზე, რომელთა შორის ამ პუნქტმა განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება და გვსურს გამოვეხმაუროთ:
"გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს."
- აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია.
- ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება.
- უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია.
ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






