"ქართული ოცნების" ოფისთან სტიკერების გაკვრის გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება - სამართალდამცავები 5 პირს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.
აქტივისტების უფლებადამცველი აცხადებს, რომ სტიკერების გაკვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს ისინი - სწორედ ამიტომ , დღევანდელ პროცესზე ადვოკატი აქტივისტების გათავისუფლებისა და პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.
"6 ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წარმოებით, არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ჩემი ინფორმაციით, ეს ყველაფერი ხდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. იგივე სტიკერის გაკვრა ბოძზე, თუ სხვა შენობა-ნაგებობის ფასადზე დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, ეს არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
დღეს დაცვის მხარე იშუამდგომლებს საქმის გადადებას და დაკავებულების გათავისუფლებას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად, მტკიცებულებების მოსაპოვებლად. პოლიტიკური სარჩული ამ ქვეყანაში აქვს ყველაფერს, განურჩევლად მისი მნიშვნელობისა და აქტუალობისა, - ამბობს გიორგი მახარაძე.
საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები






