"მოგიწოდებთ, გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა მიაღწიოთ შეთანხმებას" , - ასე მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს.
მათი განცხადებით, რჩებათ შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს.
"ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს. ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხისგასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები. [...]
მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა დაზემოთ აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებთ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის", - წერენ არასამთავრობოები.
ისინი პოლიტიკურ პარტიებს ვითრებიდან გამოსავლის ხედვას სთავაზობენ:
- როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
- პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭიროუნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავისმხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა დაოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
- ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში;
- უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;
- პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიცმათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
- საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.
მიმართვის ავტორები არიან:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ლიბერალური აკადემია თბილისი.
მასალის გამოყენების პირობები






