ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ევროპარლამენტარის მოსაზრებას ვერ დაეთანხმება. მისი განმარტებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით ოპოზიცია ჰაერში დარჩა. მან ხელისუფლების ოპონენტებს მოუწოდა, სააკაშვილს, როგორც კეთროვანს მოერიდონ:
„კუბილიუს ვერ დავეთანხმები, სიტყვა არაფორმალურ მმართველზე, როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ის იყო პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკიდან მართლა გავიდა მიუხედავად იმისა, ვის სჯერა და ვის - არა, ვის მოსწონს და ვის - არა. ჩემდა გასაოცრად, ყველაზე დიდი ლუსტრაცია, ვისშიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამ მოახდინა, ქართული ოპოზიცია იყო, რადგან უსაგნოდ დარჩნენ ჰაერში, აღარ იციან, რა გააკეთონ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ვერაფერში ჩაერთვება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე და აქვს მისჯილი არაერთ საქმეზე. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის მიმართ ერთადერთი მოწოდება და რჩევა მექნება - მოერიდონ როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ:
"გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - განაცხადა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






