ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის შესწორების პროექტს ეხება, ნათქვამია, რომ პარტიული სიის სანქცირება მისი რეგისტრაციის მოხსნით, იმის გამო, რომ პარტიის პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება და ზღუდავს როგორც კანდიდატის, ისე ამომრჩევლის უფლებებს:
"უნდა არსებობდეს სანქცირების სპექტრი, რაც მათი სიმძიმისა და ეფექტის გათვალისწინებით, მათი პროპორციული პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს. მეორეს მხრივ, სანქციები არჩევნების დროს ქვეყნის პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ სერიოზული შედეგების მქონე იქნებოდა.
პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვისგან თავის აცილება შესაძლებელია ჯარიმების დაკისრების გზით, საარჩევნო პროცესისგან მოხსნის გარეშე",- ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოხატავს ობიექტურობის კრიტერიუმის ნაკლებობასთან. გარდა ამისა, კრიტიკულად უყურებს საჩივრისა და გასაჩივრების პროცედურა. დასკვნაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ბლოკს ან რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს ცესკოს, რომ განიხილოს საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნა.
ცესკოს გადაწყვეტილება, შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა შეიძლება არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება ხმების გადაცემის შემდეგ შეიძლება:
"ეს შემაშფოთებელია, რადგან ამომრჩეველმა შეიძლება ხმა მისცეს პარტიას, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა რეგისტრაციიდან მოხსნან. ამასთან, პარტიის მოხსნასთან დაკავშირებით, გასაჩივრების დედლაინი, (ორი დღე თითოეულ ინსტანციაზე) ძალიან მოკლეა. ვინაიდან საარჩევნო საკითხებში კოდექსი პირველ ინსტანციაში სამიდან ხუთ დღემდე პერიოდს ითვალისწინებს",- ნათქვამია დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ორი კანონპროექტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. პირველი იმ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას/გაუქმებას ითვალისწინებს, რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ. მეორე კი იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ისეთი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, აქტიური საარჩევნო უფლებების აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
23 დეკემბერს ეს პაკეტები პირველი მოსმენით მიიღეს, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობამ ის ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






