საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ "მთავარი არხისთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუს საფუძელზე გამოძიება დაიწყო.
ინტერვიუში საუბარია შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის მიერ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ - ის გულაშვილს ისეთი სახის დავალებებს აძლევდა, რომელიც აქციაზე შეკრებილი ხალხისთვის საფრთხეს შეიცავდა. გულაშვილს მტკიცებულებების სახით ის ხმოვანი შეტყობინებები აქვს, რომელიც საბანაძემ სისხლიან ღამეს გაუგზავნა. ასევე, გულაშვილმა ისაუბრა სუს-ის მიერ მიცემულ დავალებებზე, რომლებიც სხვის თვალთვალსა და მიყურადებას ეხება.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






