გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს წერილს უგზავნიან, სადაც წერენ, რომ მაღალი მოლოდინები აქვთ ელჩის მისიისა და როლის თაობაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:
"ბატონო ელჩო, თქვენ მოგვიწოდეთ ირონიით არ ვისაუბროთ ოლიგარქიულ მმართველობაზე და პატივი ვცეთ მმართველი პარტიის ამომრჩეველს. ჩვენ განსხვავებული აზრის ქონის უფლებას აღვიქვამთ დემოკრატიის საბაზისო პრინციპად, მით უმეტეს, ვსარგებლობთ რა გერმანიაში ცხოვრების გამოცდილებით, სადაც განსხვავებული აზრის ქონა მიიჩნევა მრავალფეროვნებად, ხოლო ჩვენს სამშობლოში განსხვავებული აზრის ქონა გამოყენებულია სიძულვილის ენის ობიექტად მმართველი პარტიის წევრი პოლიტიკოსების მიერ. პოლარიზაციის მაჩვენებელი პოლიტიკურ სივრცეში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა საქართველოში. ჩვენი აზრით, ამის მიზეზი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელწიფო ინსტიტუტების მიტაცება და ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების არც ერთი ბერკეტის არ მიცემაა. თქვენი ინსინუაცია "ოლიგარქიულ მმართველობაზე" ფრთხილად საუბრის შესახებ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ თქვენ გამოგრჩათ, რომელმა მხარემ გადაკვეთა წითელი ხაზები ქართულ პოლიტიკაში.
აი წითელი ხაზები, რომელიც მმართველმა პარტიამ გადაკვეთა:
საქართველოში პოლიტიკური მმართველობა სამართლის ჩარჩოებში არ მოქმედებს.
სასამართლო არის პოლიტიზირებული.
პოლიტიკური ინსტიტუტები არის გამოყენებული ოპონენტების დევნის წინააღმდეგ.
ხელისუფლების ქმედებები არ კონტროლდება კონსტიტუციით და კანონით, რისი მაგალითი იყო უკანონო საარჩევნო მანიპულაციებით უკანასკნელი არჩევნების გაყალბება.
საქართველო კარგი მაგალითია იმისათვის, თუ როგორ შეიძლება, ოლიგარქმა დემოკრატიული მმართველობა საკუთარი უსაფრთხოების გამყარებისა და ქონების გაზრდის იარაღად გამოიყენოს. ამის შედეგად კი ქართული სახელმწიფო კოლაფსის პირას იმყოფება.
იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და ქართულ სახელმწიფო კოლაფსისგან დავიცვათ, აუცილებელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბატონი მიშელის მიერ წარდგენილი 6-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა შესრულდეს და მხარეები შეთანხმდნენ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმაზე, ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და პოლიტპატიმრების; გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებაზე.
იმედი გვაქვს თქვენი ჩართულობის და პოზიტიური როლის ამ კრიზისის მოგვარებაში" - ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






