საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, დათა ვანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია.
"მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
.
მასალის გამოყენების პირობები






