ოპოზიციამ საპროტესტო აქციები, მათ შორის 20 მარტს დაგეგმილი აქცია გააუქმა - გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრაზე მიიღეს.
"ენმ"-ს ლიდერი, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ გადადიან მოქმედების ახალ რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე.
მისივე თქმით, ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებენ.
"ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია არამხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული არამხოლოდ მოლაპარაკებებში, არამედ თავის ქმედებებში. ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






