საქალაქო სასამართლოში ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა უკვე დასრულდა.
მელაძის განცხადებით, საუბარი საკმაოდ მძიმე იყო, კითხვები კი ეხებოდა იმ პირს, რომელმაც აუდიოჩანაწერები გადასცა ჟურნალისტს. მელაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება აუდიო ჩანაწერში არსებულ შესაძლო დანაშაულით დაინტერესდება, პროკურატურას მასალას იმ ფორმით მიაწვდის, რა ფორმითაც ახლა აქვს:
"მე შემეძლო კანონის თანახმად საერთოდ არ მიმეცა ჩვენება, არ მოვსულიყავი მათ შორის, არც სასამართლოში და მესარგებლა კანონით მონიჭებული უფლებით. სასამართლოში ჩვენების მისაცემად მოვედი, რადგან მაინტერესებდა, დამენახა პროკურატურის განზრახვა რა იყო. საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს, პროკურატურის განზრახვა ერთადერთია - გაარკვიონ, წყარო ვინ არის. კითხვები ეხებოდა იმას, ჩანაწერები საიდან, როგორ, რა ფორმით, რომელ დღეს, ვისგან მივიღეთ. მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო. პროკურატურას პირდაპირ ვუთხარი, როგორც კი დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე, რომელიც ჩანაწერში იყო, დაიწყებენ, ჩვენ გადავცემთ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც, ჩვენთან რედაქციაშია და არა იმ ფორმით, როგორც თვითონ ითხოვდნენ - ელექტრონული მატარებლით. დაიწყონ გამოძიება ადეკვატური მუხლით, ამის პრაქტიკა ბევრჯერ გვახსოვს, როცა საჯარო სივრცეში გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებოდა ხოლმე გამოძიება და გადავცემთ ჩანაწერს. ისინი ამბობენ, რომ ამ მუხლით უნდა დაიწყონ და გადააკვალიფიცირონ, პრაქტიკა სრულიად სხვას გვიჩვენებს, მათი მიზანი იყო ერთადერთი, დაედგინათ წყარო, ყველა კითხვით მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ. იყო ირიბი კითხვებიც, თუ გახსოვთ რომელ დღეს მოგიტანეს, ვინ იყო და ა.შ.
ჩვენ საჯარო სივრცეში ვნახეთ ადამიანების აღიარება, მათ შორის, ბერა ივანიშვილის, რომელმაც დაადასტურა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. ზაკალაშვილი იყო გამომძიებელი, რომელი მონტაჟზე, შინაარსის შეცვლაზე მეკითხებოდა, ვპასუხობდი ერთს და ინტერპრეტირებდა მეორეს",- განაცხადა მელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






