პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, "ენმ"-ს დაკავებულ თავმჯდომარეს , ნიკა მელიას , ურჩევს რომ გირაოს თანხა გადაიხადოს, რადგან მისივე თქმით, "როდესაც შენი გირაოს საკითხი დგას და მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩემთვის პირადად აქ არჩევანი არ არსებობს და გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი".
თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას შეუძლია, რომ ხვალვე გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
"ნიკა მელიას მხარეს ხვალვე შეუძლია, რომ გადაიხადოს გირაოს თანხა და შემდეგ ის დატოვებს საპატიმროს. ძირითადი სასამართლო პროცესი წინ არის, ამიტომ წინასწარ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვიტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. თუ ვინმე შემეკითხება, მე ვურჩევდი, რომ მან უნდა გადაიხადოს ეს გირაო. არა იმიტომ, რომ მას უნდა ეს თუ არა, უნდა გადაიხადოს იმიტომ, რომ ელემენტარულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა, თუ შენ ხედავ, რომ შენი საკითხი ხელს უშლის ძირითად შეთანხმებას, რაც მთელ ქვეყანას სჭირდება, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ხარ გადადგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა გაქვს ადრე ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ჩვენ პოლიტიკოსებს აღვიქვამთ როგორც ადამიანებს, ვინც უნდა გადაჭრას სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, ამ დროს, როდესაც დგას შენი გირაოს საკითხი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩემთვის პირადად აქ არჩევანი არ არსებობს და გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი, თუმცა ეს არის მისი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი და იმედი მაქვს, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






