"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განმარტებით, სხდომის დატოვების მიზეზი დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო:
"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას და კონსულტაციებს როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლიდან და სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმის საკითხებს და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნა წინასწარ - ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონად, ქვეყნის დამარბევლად და შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის წინაშე დღევანდელობისა და მომავლის წინაშე", - განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






