პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მას არ ეხება, ისევე როგორც, ხელახალი არჩევნების ჩატარება საქართველოში.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ორგანიზაციების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, პრემიერი აცხადებს, რომ შემდგომი არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს გაიმართება.
"რაც შეეხება შეკითხვას ვადამდელ არჩევნებზე, იმავეს ვიტყვი, რაც აქ უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები - ეს ცხადად წერია კონსტიტუციაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, - "ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთომ, ოდირმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. შესაბამისად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს".
რადიო თავისუფლების შეკითხვა დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმის გატარებასაც შეეხებოდა, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პატიმრების საკითხს ის არ წყვეტს, მათი ბედი მართლმსაჯულების სისტემამ და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
"პოლიტიკოსობა არ ნიშნავს იმუნიტეტის ქონას. თუკი პოლიტიკოსი ჩაიდენს დანაშაულს, ან უკანონო ქმედებას, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკუთარი ქმედებისთვის" - განაცხადა ღარიბაშვილმა, - "ამიტომ ვიტყვი, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ უნდა გათავისუფლდეს რომელიმე პატიმარი. ადამიანის დაპატიმრება ან მისი პატიმრობიდან გათავისუფლება კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლოს გადაწყვეტილების საკითხია" - თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






