ოცნების დეპუტატისა და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საჭიროა მეტი კონსულტაცია ოპოზიციასთან, რათა მოლაპარაკებები ულტიმატუმის ენას გასცდეს. მისი თქმით, ხელისუფლების წინადადებები სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს მყოფი და ინტერესებზე ორიენტირებულია:
"ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ. არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებაში, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეთ, სადაც სტაბილურობა არის გარანტირებული.
მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით ასეთი. პროპაგანდისტურად შეიძლება უკეთესი იყოს იძახო - "მაგიდის აყირავება, გადმოყირავება, დესტრუქცია", მაგრამ ეს არის ის, რაც აინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო და გავიარეთ, ამ თემაზე ვისაუბრეთ, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს. აქედან გამომდინარეობს ის პასუხისმგებლობა, რაც გამოხატეს გინდა კობახიძემ, გინდა თალაკვაძემ", - განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






