პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძე , კრისტიან დანიელსონთან და სხვა ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში არსებობს საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ჯერ კიდევ საჭიროა.
თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკებები ევროპარლამენტში ასოცირების საბჭოზე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდგომაც გაგრძელდება, პრემიერმინისტრი ევროპარლამენტარებთან კი სახელისუფლებო გუნდის "გეგმას" ჩაიტანს.
"დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ მივესალმებით და მადლობას ვუხდით ევროკავშირს ასეთი მაღალი ჩართულობისთვის და დიალოგის ფასილიტაციისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, სამუშაო საკითხებზე პოზიციები რომ კიდევ დაახლოვდეს. ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს.
შეთანხმების მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთებულია.
ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები, მაშინ როცა რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს, როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ გადაწყვეტილებები ზუსტად ამ ამოცანების გარშემო უნდა მივიღოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






