"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "გაჩნდა შანსი - თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისზე წავალთ, ანუ ამ მოლაპარაკებებით გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს, შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს".
მეგრელიშვილის თქმით, დისკუსიისას მედიატორები საუბრობენ “არა როგორც უბრალოდ ამბის მიმტან-მომტანები, არამედ საკუთარ პოზიციასაც აფიქსირებენ, რაც მათ სტატუსზე კარგად მეტყველებს“.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე მიმდინარეობს დეტალურად შეთანხმება. დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მომიმატა. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მოლაპარაკება და ხვალისათვის რაღაც შედეგი უნდა გვქონდეს. კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს ყველას, თუ გვინდა, რომ შეთანხება შედგეს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაცა საკითხები, რაც რომელიმე მხარისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






