ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მამუკა მდინარაძის განცხადებას
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) ანგარიშზე, კინტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებენ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.
"გვსურს გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ გუშინდელ საგანგებო ბრიფინგს, სადაც ბატონმა მდინარაძემ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების საფუძველზე სცადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) ტექნიკური შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშის დამახინჯება და დამახინჯებული სურათით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
მინდა მოგიყვანოთ ამის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი:
• როდესაც ის საუბრობდა წინასაარჩვნო გარემოზე, ბატონმა მდინარაძემ, მიზანმუმართულად დამალა, რომ ანგარიში პირდაპირ მიუთითებს წინასაარჩევნო ძალადობაზე და იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა (ვციტირებ) „თავდახსმის, მუქარის და ქონების დაზიანების მრავალ ინციდენტს“, მათ შორის „ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
• როდესაც ის საუბრობდა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ბატონმა მდინარაძემ, მიზანმიმართულად დამალა, რომ ანგარიში მიუთითებს საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ მოსახლეობის უნდობლობაზე, რომლებიც აღქმული იყვნენ „მმართველი პარტიის მხარდამჭერებად“ და რომ ამ ფაქტმა, ვციტირებ „გადაფარა“ ცესკოს მიერ გადადგმული ყველა სხვა ნაბიჯი.
• როდესაც ის საუბრობდა საარჩევნო კანონმდებლობაზე, მას როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელსაც ცხადია მიესალმება IRI და ყველა ჩვენი პარტნიორი, არა ქართული ოცნების, არამედ მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმ საერთაშორისო წნეხის შედეგია, რომელიც პარტნიორმა ქვეყნებმა განახორციელეს ივანიშვილის რეჟიმზე, პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ.
• ბატონ მდინარაძეს - ანგარიშის სელექციური კითხვისას - როგორც ჩანს ასევე გამორჩა, რომ იქ საუბარია სახელმწიფო მოხელეების იძულებისა და დაშინების ფაქტებზე. • ანგარიშში ნათქვამია, რომ შემაჯამებელი ოქმების ანალიზის შედეგად გაჩნდა შედეგების შესაძლო მანიპულაციის - ანუ გაყალბების - ეჭვი.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას,
ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინ, სადაც ჩართულია პრეზიდენტ მიშელის წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, ნუ აკეთებენ სიცრუის პროპაგანდას, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს მოლაპარაკებების გარემოზე. "
მასალის გამოყენების პირობები






