საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ოჯახის წევრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ.
"ჩემი ოჯახის წევრების არევა მინისტრებთან არავის არ ვურჩევ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუნიკაცია. იყო რამდენიმე ეპიზოდი, ეს დედაჩემსა და სანდრას არ ეხება, მაგრამ იყო ეპიზოდები, როდესაც სხვა ჩემი ახლო ნათესავები ურეკავდნენ ვიღაც მინისტრებს და ეს მთავრდებოდა ყოველთვის მათთვის ცუდად. მე გავიგებდი ხოლმე ამას, ყველა მინისტრი გაფრთხილებული მყავდა. ერთხელ ერთმა ჩემმა ძალიან ახლო ნათესავმა მითხრა, რომ ამ მინისტრს ვურეკავ და არცერთი არ იღებს ყურმილსო. მე ვუთხარი, რომ შენ ვინ ხარ, რომ რადგან ჩემი გვარი გაქვს შენი დარეკილი რატომ უნდა აიღოს მინისტრმა? ყველა მინისტრი გაფრთხილებულია პრეზიდენტის ოჯახის მიმართ არამხოლოდ პრივილეგიები არ შეიძლება გამოყენებული იქნას, არამედ არ შეიძლება მათთან კომუნიკაცია", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






