"მე არ მგონია და არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ ასეთ საკითხებზე მთავრობის სხდომაზე უნდა ილაპარაკოს ქვეყნის პირველმა პირმა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთავრობის მეთაურმა პრემიერმინისტრმა", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, კითხვას - რატომ არ გააკეთა ამ დრომდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლის თანახმადაც, ის და ბერა ივანიშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
"მე არ მგონია და არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ ასეთ საკითხებზე მთავრობის სხდომაზე უნდა ილაპარაკოს ქვეყნის პირველმა პირმა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთავრობის მეთაურმა პრემიერმინისტრმა. არ მიმაჩნია სწორად და მართლა გამიკვირდებოდა მთავრობის სხდომაზე, იმ საქმეებთან ერთად, რომელსაც გეგმავს, ყველაზე აქტუალურ აღსასრულებელ საკითხებთან ერთად რომ დაეწყო ჩანაწერების დეტალებზე საუბარი. თუ შეგიძლიათ მითხრათ ერთი შემთხვევა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვით შეკითხვა და მან პასუხს თავი აარიდა, მგონია, რომ ამას ვერ გააკეთებთ. როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუზე დადგება, დარწმუნებული ვარ, პირველივე კითხვაზე გაგცემთ ამომწურავ პასუხს. ამის პრობლემა ირაკლის არასდროს ქონია" ,- განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






