საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საშიშ პრეცედენტს უწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მიეცა.
მათი შეფასებით, განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განჩინება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს.
"საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ იგი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედია საშუალება წყაროს გაუთქმელობის აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე მასთან დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France) დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






