სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია TV პირველში ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა.
მისი თქმით, ეს წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.
"სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს", — ამბობს ომბუდსმენი.
ლომჯარიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი თქმით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტს და ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა.
"კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.
მასალის გამოყენების პირობები






