ენმ-ს წევრი კობა ნაყოფია პროკურატურაში გასაუბრებაზე დაიბარეს - საქმე ეხება 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროს ინვენტარის დაზიანებას, რომელზეც ნაყოფიამ საგამოძიებო უწყებაში განცხადება დაწერა.
ნაყოფიას განცხადებით, ოფისის შტურმით აღების დროს დაზიანდა ინვენტარი, მოიპარეს სერვერები და ვიდეო ჩაწერების ბლოკი, რასთან დაკავშირებითაც საჩივარი დაწერეს, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა:
"მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებამ დაინახა ის ვანდალიზმი, რაც განხორციელდა 23 თებერვალს, როდესაც შტურმით იღებდნენ მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და გვთხოვეს გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული.
ოფისში ფუნქციონირებდა გარე კამერის ჩამწერი ბლოკი, რომელიც წაიღეს. ალბათ, აინტერესებდათ ვინ მოდიოდა ოფისში და ვინ გადიოდა და ა.შ. თუმცა ამის კანონიერი უფლება არ გააჩნდათ. მეორე იყო სერვერები, რომელზეც გვქონდა შიდა პარტიული მიმოწერები.
პოზიტიური მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ სხვა საქმეს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და დამოუკიდებელი პროკურატურა ამას აუცილებლად გამოიძიებს" - განაცხადა ნაყოფიამ.
მასალის გამოყენების პირობები






