ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ბრიუსელში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაცია კონსოლიდაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკური მხარეების მიმართ ნდობას კარგავენ:
„პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში არის საფრთხე კონსოლიდაციისთვის ქვეყანაში. მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. ჩვენს ინტერესებშია წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში. კარგია, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გვაქვს დღის წესრიგი და შეხვედრები. გასულ კვირაში თბილისში ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი, მომავალ კვირაში ასოცირების საბჭოს შეხვედრა აქ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ უკვე გამოვყავით საკითხები სადაც გვჭირდება, რომ ყველა მხარემ წინ გადადგას ნაბიჯი და დაახლოვდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მოკლევადიან პოლიტიკურ სარგებელზე რომელიმე მხარისთვის, ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე საერთო გზაზე, რომელიც ევროპისკენ მიდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონს და ასევე ჩვენი ელჩის თბილისში კარლ ჰარცელის დანიშვნით ადგილზე გვყავს საოცნებო გუნდი, რომელიც ცხადად წარმოაჩენს, რომ ჩვენ გვსურს კონსოლიდაცია და იმედი საქართველოსთვის. ამასთან დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს ამ სიტუაციაში“, - განაცხადა მაიკლ გალერმა.
მასალის გამოყენების პირობები






