"არც დრო და არც ფორმა იყო საუკეთესო, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ” – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, გმობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრასა და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერას.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ინტერვიუში ისაუბრა.
ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არ ვაპირებ მთავრობას ბრძანება მივცე, განსაკუთრებით BBC-ის ეთერიდან”.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას მხოლოდ შეუძლია, მხარეებს მოუწოდოს მოლაპარაკებებისკენ და კომპრომისების ძიებისკენ, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია.
"არც დრო და არც ფორმა იყო საუკეთესო, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა ვიპოვოთ კომპრომისები, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, ქართველი საზოგადოებისთვის და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მმართველ ხელისუფლებას, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რათა თავიდან აიცილონ, ის რასაც ოპოზიცია პროკოვაციებით ცდილობს". – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი შეეხო საერთშორისო გამოხმაურებასაც და კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ილვისის განცხადებაზე, რომელშიც ის საქართველოს ამჟამინდელ მდგომაროებას “ამაზრზენად” მოიხსენიებს, სალომე ზურაბიშილმა უპასუხა: "ეს არის რეაქცია პირისა, რომელიც აღარ არის პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან გადაჭარბებული, ზრდილობიანად რომ ვთქვა".
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა აშშ-ს საელჩოს, სენატისა და კონგრესის გამოხმაურებებზე და თქვა, რომ მართალია, საქართველოში კრიზისია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის ავტორიტარულ სახელმწიფოდ ქცევას. ამის დასტურად კი შარლ მიშელის ვიზიტი მოჰყავს.
“ევროკავშირი დაბრუნდა და, ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად კრიზისისა, ევროკავშირი თვლის, რომ საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე დემოკრატიულ, ყველაზე განვითარებულ, ყველაზე სტაბილურ ქვეყანად, რომელიც მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






