„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ტვ პირველის“ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება".
როგორც აღმოჩნდა, ბოკერია არ იზიარებს ოპოზიციონერების დიდი ნაწილის პოზიციას, რომ მომხდარის გამო, ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს.
„შეიცვალა არათუ ჩვენი ამოცანები, არამედ ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად, ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევის და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს - ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით - გნებავთ ქვეყნის გარეთ“, - ამბობს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






