"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სააკაშვილის მიერ პლებისციტზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მის ჯინაზე უნდა დათანხმდეს ამ მოდელს. ბოკერიას თქმით, პლებისციტის მოდელი კომპრომისის სახით შეიძლება განიხილონ:
"ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა ახალი არჩევნები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმების ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას მოლაპარაკებებში შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე გააკეთოს ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება.
მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სააკაშვილმა განაცხადა და ახლა მის ჯინაზე აუცილებლად უნდა დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს“, - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აღნიშნა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება დაუშვებელია.
მასალის გამოყენების პირობები






