გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველების დიდ რაოდენობაში უამრავი მათგანი სოციალურად დაუცველია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამშობლოს დროებით დატოვება, რათა მცირეოდენი თანხა დააგროვოს და სამ თვეში ჩამოსულს ცოტა ხნით მაინც შეეძლოს მძიმე სოციალური პირობების შემსუბუქება... თუმცა აღმოჩნდა, რომ სახელწმიფო გერმანიაში სამუშაოდ წასულ სოციალურად დაუცველ პირებზე პასუხისმგებლობას იხსნის და მათთვის დახმარების გაწევას აღარ აპირებს.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში, როდესაც ყველა გზა მოჭრილი ექნება ადამიანს და მწარე რეალობას შეეჯახება წინ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში მოუწევს ცხოვრება, იძულებული გახდება, არალეგალურად დარჩეს და განაგრძოს იქ მუშაობა, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოაკლდება ისედაც დემოგრაფიულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას და ქართველი ემიგრანტების რაოდენობა სულ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"ხელისუფლებამ და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, როდესაც ამ პროგრამაზე დაიწყო საუბარი. ამ 500 ადამიანს, რომელიც ძირითადად სოციალურად დაუცველი სეგმენტია, ის დახმარება, რომელიც საქართველოში გააჩნიათ, მოეხსნებათ. პლიუს, საუბარია იმაზე, რომ იმ ხელფასის დაბეგრვაც მოხდება, რასაც იქ აიღებენ. ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი მოსახლეობის ბედი" - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
გამოდის, რომ სახელმწიფო, რომელიც ქართველი ემიგრანტების უკან დასაბრუნებელ გზებს უნდა ეძებდეს, თავად ცდილობს, ისინი იქ დატოვოს და აქ მყოფი მოქალაქეებიც შემატოს მათ რაოდენობას.
ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების მსურველთა ოფიციალური რაოდენობა 70 ათასს აღემატება, თუმცა სამუშაო ადგილები შეზღუდულია და ის მხოლოდ 500 პირს მოიცავს, უპირატესობა კი სოციალურად დაუცველებს მიენიჭებათ.
მასალის გამოყენების პირობები






