რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, თელავის მერიისა და საკრებულოს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, რომელსაც 70 ლიტრიანი ავზი აქვს, ერთჯერადად 110 ლიტრი საწვავი ჩაასხეს, ყოველ შემთხვევაში 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში ასე წერია.
როგორც დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერით დგინდება, 2018 წლის 28 თებერვალს ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი WW 230 VV), რომლის ავზის მოცულობა სულ 70 ლიტრია, ჩასხმულია 110 ლიტრი საწვავი. მეორე შემთხვევაში 65-ლიტრიან ავზში ჩასხმულია 82 ლიტრი, მესამე ავტომობილში კი 65-ლიტრიან ავზში 85 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.
"2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაში ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 4435 ლიტრი საწვავი. მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს", - ვწერია აუდიტის ანგარიშში.
ამავე მონაცემის მიხედვით, 2018-2019 წლებში თელავის მუნიციპალიტეტმა 313 ათას ლარზე მეტის ღირებულების საწვავი, დახარჯა, მათ შორის: 85,775.6 ლიტრი ბენზინი (137.9 ათასი ლარი), 22,432.8 ლიტრი დიზელი (50.6 ათასი ლარი) და 94,920 კუბ.მ ბუნებრივი აირი (124.7 ათასი ლარი).
"აუდიტის ობიექტმა ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობის, მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ..." - აუდიტის სამსახური
ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ორი წლის განმავლობაში თელავის ბიუჯეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 287 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
აქედან მერიამ დახარჯა 104.9 ათასი ლარი, ხოლო ა(ა)იპ − კულტურის ცენტრმა – 182.2 ათასი ლარი.
რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებას, აქ მერიამ 120 ხელშეკრულება გააფორმა, რის შედეგადაც 161 ათას ლარზე დაიხარჯა.
„აუდიტის ობიექტმა ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობის, მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. არ არის შემუშავებული შიდა წესი, რომლის მიხედვითაც თანხები წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან გაიცემა. თანხები, ძირითადად, ანაზღაურდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აასევე, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 28 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები, რომლის კონკრეტულ პირებზე გადაცემის დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თელავის მერიას რეკომენდაციით მიმართავს, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ.
მასალის გამოყენების პირობები






