ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროპელი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უკიდურესად მაღალია.
აღნიშნული განცხადება სამადაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემსგომ გააკეთა
"ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესები რაც ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს, აწყობს მხოლოდამხოლოდ რუსეთს. ამიტომ, ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი.
სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. ასევე, იმ მთავარ პრობლემებზე, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით - ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ასე არ იქნება, ის დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორცირლებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს."
მასალის გამოყენების პირობები






