"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ერთი საათი მიმდინარეობდა.
"ენმ"-ს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე ლიდერებმა, პარლამენტის შენობის 2 მარტს დაგეგმილ პიკეტირებაზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, "ოცნებას" შეუქმნიან დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით.
"აქცია მიზნად არ ისახავს, რომ დეპუტატებს შეეზღუდოთ შესვლის შესაძლებლობა, თუმცა, აუცილებლად შევუქმნით დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რომელიც ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება, როდესაც პროტესტანტები, მათ შორის, მაგალითად, გზის სავალ ნაწილზე სხდებიან, იმისთვის რომ გადაადგილება არ იყოს შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გადმოსხდნენ თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებიდან და საფეხმავლო გზით თავისუფლად შევიდნენ სამუშაო ადგილას. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პროტესტის ამ ფორმას, რომ ჩვენ შევძლოთ მათთვის დისკომფორტის შექმნა. თუმცა, არ შევუზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება და არ შევუზღუდოთ იმის შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პარლამენტში. მაგრამ აუცილებლად შევუქმნათ დისკომფორტი, იმიტომ რომ ჩვენი ამოსავალი წერტილია სწორედ ეს დისკომფორტი იგრძნოს აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ახლა მიდის პარლამენტში, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც რეალურად არ არის კანონმდებელი, რომელიც რეალურად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია და მხოლდო მისი ხმა ესმის და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხის ხმაც გავაგონოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით, - ამბობს თიკა ბოკუჩავა "მთავართან".
მასალის გამოყენების პირობები






