"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თვლის, რომ საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული ოცნების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა.
მდინარაძის განმარტებით, ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას და მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდენენ , თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანამ რომ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ.
ამის შესახებ მდინარაძემ საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა:
"რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ. უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ესაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ანუ იქ, სადაც ვიყავით ჩვენ არსად წავსულვართ. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს", - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






